

ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
მარანი „39 ქვევრის“ ძირითადი ფასეულობა ტრადიციული ქართული ღვინოა, უძველესი მეთოდით ქვევრში დაყენებული, ადგილობრივი ჯიშებიდან.
ჩვენი მიზანი სწორედ ასეთი ღვინის წარმოება იყო, ამიტომაც გადავწყვიტეთ მარანი ისტორიულ ადგილას აგვეშენებინა - სოფელ ბიწმენდში, ქართლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ადგილას, ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის ცენტრში. აქვე გავაშენეთ ჩვენი ვენახიც, სადაც ოთხი გამორჩეული ქართული ვაზის ჯიში მოგვყავს (შავკაპიტო, გორული მწვანე, ქისი და ხიხვი).
ბიწმენდს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს და იგი ქართული ტრადიციული მეღვინოების დიდ სახელებს უკავშირდება. პირველ რიგში გურამიშვილებს, მათ განთქმულ ვენახებსა და მარანს და მე-19 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოღვაწეს, ილია წინამძღვრიშვილს, სოფელ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის დაამარსებელსა და ცნობილ განმანათლებელს.
ჩვენი ღირებულებები და ხედვები სწორედ ამ ტრადიციას ეფუძნება.
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲔᲦᲕᲘᲜᲔ ᲓᲐ ᲛᲔᲕᲔᲜᲐᲮᲔ
დავით ჩიჩუა განათლებით ბიოქიმიკოსია და 20 წელზე დიდხანს მუშაობს მეღვინეობის სფეროში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ და ასპირანტურაში სწავლის პერიოდში იგი მუშაობდა Tiflis Wine Cellar-ის ლაბორატორიაში. გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ ის ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა სამუშაოს ვაზი+-ის, ვაზიანის ლაბორატორიებში, ასევე იყო მთავარი მეღვინე ხარებაში, ქინძმარაულის კორპორაციაში, ვაზი+-სა და ბესინში.
მას აქვს დიდი პრაქტიკული გამოცდილება, ასევე ასწავლის „მეღვინეობის ტექნოლოგიასა და ქიმიას“ თელავისა და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტებში. უძველესი, ძირძველი ვაზის ჯიშების ძიების წყურვილმა მიიყვანა იგი ჯიღაურის სოფლის მეურნეობის კვლევით ცენტრში, თუმცა პედაგოგიური მოღვაწეობა არ მიუტოვებია.
თითქმის დაკარგული ვაზის ჯიშებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა და მეღვინეობის საუკეთესო ტექნოლოგიების ძიებამ შესაძლებელი გახადა ღვინის „39 ქვევრის“ შექმნა.
მეღვინე და მევენახე – ცოტას თუ შეუძლია ამ ორი საქმიანობის გაერთიანება, მაგრამ დავითს ეს შეუძლია და საუკეთესო ღვინოები კიდევ წინ გვაქვს.

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲔᲗᲝᲓᲘ
მარანის „39 ქვევრი“ მთავარი ღირებულებაა ტრადიციული ქართული ღვინო, უძველესი მეთოდით ქვევრში დაყენებული, ადგილობრივი ჯიშებიდან. ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია საქართველოს
უძველესი კულტურული ფენომენია. ფაქტობრივად, ეს უძველესი ტრადიციაა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე იცავდნენ და პატივს სცემდნენ. იგი საქართველოში 8000 წელზე მეტი ხნის წინ ჩამოყალიბდა და დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. ნეოლითის ხანიდან დღემდე ქვევრში ღვინის დაყენება საქართველოს რეგიონების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. დროთა განმავლობაში, თითოეულმა რეგიონმა, განსხვავებული კლიმატური პირობების, ყურძნის ჯიშების და სხვა ადგილობრივი მახასიათებლების საფუძველზე, ქვევრში ღვინის დაყენების საკუთარი, სპეციალური მეთოდები შეიმუშავა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2013 წელს გადაიდგა, როდესაც იუნესკომ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲮᲔᲓᲕᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲔᲚᲘ
„39 ქვევრი“ ტრადიციული მარანია, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე ჯგუფი თანამედროვე ღირებულებების მქონე ახალგაზრდობაცაა. ქვევრის ღვინო ხომ, მიუხედავად მისი არქაულობისა და უძველესი ისტორიისა, მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე მოვლენად იქცა ბოლო წლებში. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის პრემიალური ტრადიციული ღვინის შეთავაზება ყველა თაობისთვის,
დამწყები ღვინის მოყვარულებითვის თუ პროფესიონალებისთვის, ქართველებისთვის თუ უცხოელებისთვის. წარსულისა და ისტორიის გარდა, „39 ქვევრი“ ქართული ღვინის მომავალსაც ხედავს და ვფიქრობთ, ჩვენი ღვინოებიც შეასრულებენ თავის განსაკუთრებულ როლს ადგილობრივი ღვინის კულტურის განვითარებაში.